ბათუმში აქციის სამი მონაწილე დააკავეს

ბათუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა და პარტია "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს.

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" - ბათუმში გაიმართა სოლიდარობის აქცია, რომლის მონაწილეთა განცხადებით, პოლიციამ სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავა.

როგორც აქტივისტი ირმა ზოიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, "ერთ-ერთ არასრულწლოვან აქტივისტს ტრაფარეტზე "ირაყლი" ეწერა". მასთან მისულმა პირმა, რომელიც პოლიციის ოფიცრად გაეცნო, წარწერის უცენზურობაზე გააკეთა მინიშნება: "უთხრა, კანონს არღვევო. ამ ბავშვმა მოსთხოვა განემარტა, რომელი კანონი კრძალავდა მსგავსი შინაარსის წარწერას. ამის შემდეგ პირმა აქციის მონაწილის დაკავება სცადა, არასრულწლოვანი კი გაიქცა. მას 30-ზე მეტი პოლიციელი გაეკიდა და დააკავა. ასევე დაიჭირეს მეორე არასრულწლოვანი, რომელიც მეგობარს გამოესარჩლა, და "ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი", - ამბობს ირმა ზოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებულების ზუსტი რაოდენობის დადგენას ცდილობენ.

ბათუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა და პარტია "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დასაცავია.

ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დასაცავია.

"გამოხატვის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი პოლიციური რეჟიმის დამსახურებით. მოვითხოვთ, გუშინ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას. შეწყდეს მათ მიმართ პოლიტიკური დევნა. ეს არის სადამსჯელო სცენარი, "ქართული ოცნება" აშკარად დაიღალა ირაკლი კობახიძისადმი გროტესკული დამოკიდებულებით", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია "ლელოდან".