საქართველოს კინოცენტრის თანამშრომლები კოტე ჩლაიძე, დავით დავითური და ლევან აბდუშელიშვილი ემიჯნებიან კინოცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ცენტრის ყოფილ დირექტორს, გაგა ჩხეიძესა და გოეთეს ინსტიტუტს ეხება. კინოცენტრმა დღეს ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც გოეთეს ინსტიტუტს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა, გაგა ჩხეიძის კულტურის სფეროში ღვაწლს ეჭვქვეშ აყენებდა და საზოგადოებას ამცნობდა, რომ გადაიხედება იმ კინოფესტივალის დაფინანსების საკითხი, რომლის დირექტორიც კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძეა.
"ძალიან რთული წასაკითხია ის განცხადება, რომელიც გაჩდა კინოცენტრის ფბ გვერდზე. კატეგორიულად ვემიჯნები ფორმას, შინაარსის დიდ ნაწილს და პათოსს რომელიც გაკეთდა კინოცენტრის სახელით", - წერს ფეისბუკზე კინოცენტრის თანამშრომელი კოტე ჩლაიძე.
"ეს პოსტი არ წარმოადგენს კინოცენტრის თანამშრომლების პოზიციას. ასევე ფაქტი, რომ ერთი ორგანიზაციის სახელით, სხვა ზემდგომი ორგანიზაცია ფეისბუქზე მსგავს ტექსტს დებს არის სრულიად სამარცხვინო იმ სხვა სამარცხვინო ამბებთან ერთად რაც ბოლო დროს მოხდა", - ეს დავით დავითურის გამოხმაურებაა კინოცენტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე.
"ვემიჯნები და ვგმობ ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნებულ სამარცხვინო პოსტს", - წერს ლევან აბდუშელიშვილი.
თავად გაგა ჩხეიძე "პიროვნულ დევნად" მიიჩნევს კინოცენტრის განცხადებას და გაუგებარს უწოდებს განცხადებას იმაზე, რომ შესაძლოა სახელმწიფომ უარი თქვას თბილისის კინოფესტივალის დაფინანსებაზე.
"თუ ჩემს მიმართ პიროვნული შუღლი გაქვს და ამის გამო აუქმებ ფესტივალის დაფინანსებას, ეს არის კატასტროფა. რა შუაშია ჩემი გათავისუფლება ფესტივალთან? რატომ არ უნდა ავიღოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება? ეს ჩვენი ყველას ფულია და არა თეას პირადი ფული, რომელსაც გვჩუქნის იმის გამო, რომ კინო უყვარს.
სახელმწიფო მაგისთვის არსებობს, რომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესები, არამედ განსხვავებული შეხედულებების ადამიანების პროექტებიც განახორციელოს. ჩვენ ეს დაფინანსება კონკურსის გზით მოვიპოვეთ, 8-კაციანმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ფესტივალის დაფინანსებაზე და მე უარი უნდა ვთქვა ამაზე იმის გამო, რომ მინისტრს არ მოვწონვარ?" - უთხრა რადიო თავისუფლებას გაგა ჩხეიძემ.
ასევე ნახეთ "აღვიქვამ პიროვნულ დევნად" - გაგა ჩხეიძე კინოცენტრს პასუხობსდაპირისპირების ფონია გაგა ჩხეიძისთვის გოეთეს მედლის მინიჭება - ესაა მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს გერმანია კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. გოეთეს ინსტიტუტმა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას საიტზე დაწერა, რომ გაგა ჩხეიძის გათავისუფლება კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან უკავშირდება მის პოლიტიკურ შეხედულებებს და უკრაინის მიმართ ღიად გამოხატულ მხარდაჭერას.
კინოცენტრი განცხადებაში უარყოფს განსხვავებული აზრის გამო დევნას და წერს, რომ ჩხეიძე თანამდებობიდან კინოცენტრში გამოვლენილი დარღვევების გამო გაათავისუფლეს და ამ დარღვევებს ახლა პროკურატურა იძიებს. გაგა ჩხეიძე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არ არის.
ასევე ნახეთ კინოცენტრის კომისიის ყოფილი წევრები სამართლებრივ დავას იწყებენ