საქმე ისაა, რომ კინოცენტრი აპირებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას კინოფესტივალის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. კინოფესტივალის ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ დაფინანსების გარეშე, მხოლოდ კერძო სექტორის სახსრებით ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია.
კინოცენტრი ფესტივალის დაფინანსების საკითხის გადახედვის მიზეზად ასახელებს გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ჩხეიძე კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. ეს სტატია გოეთეს ინსტიტუტის მიუნჰენის ოფისშია მომზადებული და ეყრდნობა ჩხეიძის მიერ სხვადასხვა დროს, მედიაში გაკეთებულ განცხადებებს. გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძის შესახებ მასალა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მას, კულტურულ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილისთვის. გოეთეს მედალი გადაეცა. კინოცენტრი თავის განცხადებაში საეჭვოდ მიიჩნევს გაგა ჩხეიძის წვლილს კულტურის სფეროში, გოეთეს ინსტიტუტს კი "ფარისევლურ, ცრუ და ყოვლად მიუღებელ ბრალდებებში" ადანაშაულებს.
"სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის. ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.
ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე", - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში. ამავე ტექსტში განმარტებულია, რომ გაგა ჩხეიძის ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის საფუძველზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
გაგა ჩხეიძე 2022 წლის მარტში კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მინისტრის ბრძანებით გათავისუფლდა მაშინ, როცა ამ პოსტზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე არასრული ორი თვე ჰქონდა დარჩენილი. მაშინ გაგა ჩხეიძე ამბობდა, რომ აუდიტის დასკვნა მხოლოდ ინსტრუმენტია სამინისტროსთვის მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის და რეალური გათავისუფლების მიზეზი მისი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები იყო, და ასევე გადაწყვეტილება რუსეთიდან ქართული ფილმების ასლების ჩამოტანის პროცესის შეჩერების შესახებ. გაგა ჩხეიძე თვლიდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფულის გადარიცხვა მიზანშეწონილი არ იყო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იგი მინისტრის მხრიდან კინოს ცენზურის მცდელობებსა და გაუმართავ, შეურაცხმყოფელ კომუნიკაციაზეც საუბრობდა. საბოლოოდ, ჩხეიძემ მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა - ამ საქმეზე მსჯელობა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.
"დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გათავისუფლება იყო ჩემი განცხადებების გამო და დღესაც ვფიქრობ, რომ რუსეთის ბიუჯეტში თანხების გადარიცხვა საქართველოს მხრიდან იყო ამორალური", - უთხრა რადიო თავისუფლებას 2 ივნისს გაგა ჩხეიძემ.
თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე კინოცენტრში თანხების გაფლანგვის ფაქტებზე ლაპარაკობს - გამოძიებას, რომელიც ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ, 2022 წლის ზაფხულში, გაგა ჩხეიძე ამ დრომდე არ ჰყავს გამოკითხული.
"ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგებაც, რომ კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დირექტორიც თავად გაგა ჩხეიძეა, 2022 წელს დააფინანსა 150 000 ლარით, ხოლო 2023 წელს - 125 000 ლარით. იგივე ფესტივალი, კინოცენტრთან ერთად, დააფინანსა 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც 47 000 ლარით. უმარტივესი კითხვა იბადება - თუკი კინოცენტრი უკრაინას არ უჭერს მხარს (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით) და ამ მიზეზით „ჩაგრული“ გაგა ჩხეიძე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ამავე გაგა ჩხეიძეს ფესტივალს რატომ უფინანსებს? ასევე, თუ კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო არ უჭერენ მხარს უკრაინას (გოეთეს ინსტიტუტის სტატიის ავტორთა ლოგიკით), ხოლო გაგა ჩხეიძე უკრაინის თავდაუზოგავი მხარდამჭერია, რატომ იღებს ის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს თავისი ფესტივალისათვის სწორედ ამგვარი სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან?!" - წერს ეროვნული კინოცენტრი 2 ივნისს გამოქვეყნებულ ტექსტში ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ კინოცენტრის თანამშრომლები კინოცენტრის განცხადებას ემიჯნებიან"თუ ჩემს მიმართ პიროვნული შუღლი გაქვს და ამის გამო აუქმებ ფესტივალის დაფინანსებას, ეს არის კატასტროფა. რა შუაშია ჩემი გათავისუფლება ფესტივალთან? რატომ არ უნდა ავიღოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, ეს ჩვენი ყველას ფულია და არა თეას პირადი ფული, რომელსაც გვჩუქნის იმის გამო, რომ კინო უყვარს.
სახელმწიფო მაგისთვის არსებობს, რომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესები, არამედ განსხვავებული შეხედულებების ადამიანების პროექტებიც განახორციელოს. ჩვენ ეს დაფინანსება კონკურსის გზით მოვიპოვეთ, 8-კაციანმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ფესტივალის დაფინანსებაზე და მე უარი უნდა ვთქვა ამაზე იმის გამო, რომ მინისტრს არ მოვწონვარ?
რის საფუძველზე უნდა გამოაქვეყნონ ფესტივალის ხელშეკრულება კინოცენტრთან, რომ გოეთეს ინსტიტუტმა რაღაც გამოაქვეყნა? ეს ჩემი პოზიციაა, რომელიც გააჟღერა გოეთეს ინსტიტუტმა და ამის საფუძველზე შეიძლება ფესტივალი გააუქმონ? მე პირადად აღვიქვამ ამას, როგორც პიროვნულ დევნას. არც კი ვიცი, რა არის მიზეზი, შეიძლება ეს იყოს მსოფლმხედველობრივი შეუთანხმებლობის თუ ცხოვრებასა და სამყაროზე კარდინალური შეხედულებები.
მინისტრი, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, არ მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე, სადაც ჩამოსულია ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ეს ფაქტი უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არის გამაოგნებელი და ის ასე იქცევა სულ, დადის მხოლოდ საკუთარ მეჯლისებზე", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაგა ჩხეიძე. ის კომენტარს აკეთებს კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში გაჟღერებულ ბრალდებაზე, თითქოს მან ხელი შეუშალა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, „ქართული ფილმის“ ტერიტორიის განვითარებას.
"თეა წულუკიანი განიხილავს ძველი კინოსტუდიის ტერიტორიას, როგორც მის კერძო საკუთრებას და მე და რამდენიმე ადამიანმა გადავარჩინეთ ეს ტერიტორია გაყიდვას და კბილებით მოვიტანეთ აქამდე", - ამბობს გაგა ჩხეიძე.
ასევე ნახეთ გაგა ჩხეიძე: სამინისტრომ თბილისის კინოფესტივალი არ დააფინანსა, ეს ხარისხზე იმოქმედებსკინოცენტრს გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე ხელმძღვანელობს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, უკვე 23 წელია ტარდება.