უკრაინის გენშტაბი: დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით მოგერიებულია 25 შეტევა

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი არტილერისტები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მახლობლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 1 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევზე და 2 საზენიტო მართვადი რაკეტით - ქალაქ ხარკოვზე. გენშტაბის ცნობით, კიევში მოწინააღმდეგის ყველა რაკეტა გაანადგურეს. უკრაინის დედაქალაქზე 1 ივნისს განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგო.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 46 საავიაციო დარტყმაც და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 107-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ასევე ნახეთ კიევზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმა იყო

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 შეტევა მოიგერიეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მოწინააღმდეგე თავდაცვას განაგრძობს.

გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 4 - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 9 რაიონი, მართვის პუნქტი, 5 საარტილერიო ქვედანაყოფი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.