რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან გავრცელდა ცნობა დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შესახებ. ამაზე იტყობინება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
უფრო ადრე ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით ქალაქში ბელგოროდში, ხარკოვის მთაზე, შჩორსის ქუჩაზე, ხმამაღალი აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
„ბელგოროდში აფეთქდა დაუდგენელი მოწყობილობა. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა სავალ ნაწილზე. ორი პირი დაშავდა“, - წერს გლადკოვი ტელეგრამ-არხზე.
ტელეგრამ-არხ „ბაზის“ მონაცემებით, სპეცსამსახურები ადგენენ ბელგოროდში კიდევ ერთი დრონის ჩამოვარდნის დეტალებს. გლადკოვის თანახმად, „გრადის“ ჭურვი მოხვდა საერთო საცხოვრებლის შენობას, რომელიც იწვის, დაზიანდა ასევე ადმინისტრაციის შენობა. გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ისროდა უკრაინის არმია.
1 ივნისს დილიდან იტყობინებოდნენ ქალაქ შებეკინოს და უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლის შესახებ.
კიდევ ერთი ტელეგრამ-არხი აქვეყნებს ცეცხლმოკიდებული ხუთსართულიანი შენობის ვიდეოს. ეს შენობა ქალაქის ცენტრშია, ადმინისტრაციის შენობასთან. რეგიონული ხელისუფლების მტკიცებით, ბელგოროდის ოლქის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს ცეცხლს უშენდნენ. „РИА Новости“ ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ 1 ივნისს ბელგოროდის ოლქში სროლის შედეგად დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.