ქადაგიშვილი საქართველოს შესახებ ზელენსკის განცხადებაზე ამბობს, რომ გამიზნულად გაკეთებული, ერთგვარი შურისძიებაა

ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს შესახებ განცხადება "გამიზნულად", შურისძიებისთვის გააკეთა, რათა "დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია".

"ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ერთგვარი შურისძიება არის ამ მიზეზებიდან გამომდინარე სწორედ, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია. განსაკუთრებით, როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა.

ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან, მეორე მხრივ, ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან", - ამბობს დეპუტატი.

დღეს, პირველ ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი.

მანვე საქართველოსთან ერთად ბელარუსი ახსენა და თქვა, რომ ამ ქვეყნებს რუსეთი "სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში" მიათრევს.

"ყველა ევროპული ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა გაანადგუროს ისინი, უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ მიათრევენ ამ ერებს ერთსა და იმავე სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში. მაგრამ თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ გაუგიათ დადებითი პასუხი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები სრულიად ბუნდოვანი ხდება", - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს EU-სა და NATO-ს წევრი

მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიას, სხვა 46 სახელმწიფო მეთაურს შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.