უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაცია გამოიწვევს ორივე სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა კიშინიოვში მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ. ზელენსკის არ უხსენებია საქართველო, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამ ორი ქვეყნის მსგავსად, განაცხადი აქვს გაკეთებული.
ზელენსკიმ სანდუს მადლობა გადაუხადა უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის. „ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ და რაც მთავარია, ჩვენი მომავალი ევროკავშირშია“, - დასძინა მან.
„ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ მომავალზე. დღეს უკრაინა უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას და ჩვენ ამისთვის ძალიან, ძალიან მადლობელი ვართ“, - დაამატა მაია სანდუმ. მანვე დასძინა, რომ მხარს უჭერს უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტი მიმდინარეობს. მასში 47 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
სამიტის განსახილველ საკითხებს შორისაა ერთობლივი ძალისხმევის გაწევა უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული კრიზისების კონტექსტში მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროპული სახელმწიფოების მედეგობა.