ბავშვები დაიღუპნენ კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის საჰაერო თავდასხმისას დანგრეული სახლი კიევში. 2023 წლის 30 მაისი

სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებიან წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი.

სარაკეტო შეტევა ღამის 4 საათისთვის დაიწყო. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები და ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია კიევის დესნიანსკის, დნეპრის და დარნიცკის რაიონებში. ნაწილობრივ დანგრეული ან დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ბავშვთა პოლიკლინიკის, 2 სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები.