რუსეთმა სანქციების გამო სამჯერ შეამცირა Superjet-100 თვითმფრინავების წარმოება

რუსეთი მკვეთრად ამცირებს Sukhoi Superjet-100 თვითმფრინავების წარმოებას. ამის შესახებ ხაბაროვსკის ოლქის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ევგენი რომანოვმა რეგიონული მთავრობის გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. დაგეგმილი 19 ხომალდის ნაცვლად, წელს მხოლოდ ექვსი აშენდება. ამის მიზეზი, რომანოვის სიტყვებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო იმპორტირებული კომპონენტების დეფიციტი გახდა.

თვითმფრინავი Superjet-100 ამურის კომსომოლსკში მდებარე კორპორაცია „ირკუტში“ ეწყობა. ევგენი რომანოვის თქმით, ქარხანა ამჟამად მუშაობს Sukhoi Superjet-New მოდელზე, რომელიც სამამულო წარმოების კომპონენტებისგან უნდა შეიქმნას. კერძოდ, საჰაერო ხომალდში გამოყენებული იქნება რუსული წარმოების "პდ-8" მოდელის ძრავები.

რომანოვმა თქვა, რომ Superjet-New-ს პირველი საცდელი ფრენა დაგეგმილია 21 ივლისს. მაგრამ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურმა უარყო ეს განცხადება და განაცხადა, რომ პირველ საცდელ ფრენაზე SSJ-NEW-ის დაშვების შესახებ საბჭოს სხდომა ჯერ არც ჩატარებულა.