ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა მოხელე, რომელიც იანუკოვიჩის დროს პროკურატურაში მაღალ პოსტზე მუშაობდა

ოლეგ კიპერი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განკარგულებით, ოდესის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ოლეგ კიპერი, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს უკრაინის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობა. 2014 წელს, ღირსების რევოლუციის შემდეგ, კიპერს ლუსტრაციის კანონით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.

მაგრამ 2019 წელს კიევის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ კიპერს დაუბრუნა მთავარი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თანამდებობა. სასამართლომ ასევე დაადგინა ლუსტრირებული პირების რეესტრიდან კიპერის სახელის ამოღება და სახელმწიფოს "იძულებითი გაცდენისთვის" მისთვის კომპენსაციის სახით 805 ათასი გრივნის გადახდა დააკისრა.

2020 წელს გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ოლეგ კიპერი ჯერ კიევის პროკურორის მოადგილედ, იმავე წლის ბოლოს კი კიევის პროკურორად დანიშნა.

მაგრამ კიპერი 2022 წლის ბოლოს კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როცა შვებულების გასატარებლად საზღვარგარეთ წავიდა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტმა "სქემამ" გაარკვია, რომ კიპერმა უკრაინა 2022 წლის 29 დეკემბერს პოლონეთის საზღვრის გავლით დატოვა და უკან 2023 წლის 8 იანვარს დაბრუნდა. მაგრამ პროკურატურამ დამალა იმ ქვეყნის სახელი, სადაც კიპერმა და მისმა ცოლმა შვებულება გაატარეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ ოლეგ კიპერის მეუღლის, ირინა კიპერის რუსული პასპორტი დღემდე არ არის გაუქმებული.