„ვცდილობთ გავარკვიოთ, არის თუ არა შესაძლებელი ამ აქტივების ზოგიერთი ნაწილის დაყადაღება სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულების გამო, როგორებიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება ან სანქციების დარღვევა და, სადაც ეს შესაძლებელია, სასამართლოს მივმართოთ და კონფისკაცია ვუყოთ ზოგიერთ აქტივს“, - განაცხადა 30 მაისს ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა.
როგორც BBC იუწყება, რეინდერსის თქმით, გაყინული აქტივები რეალური გარანტიაა იმისა, რომ რუსეთი მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს.
უახლესი მონაცემებით, ევროკავშირის შემაკავებელი ზომები გამოიყენება საერთო ჯამში 1473 ფიზიკური და 207 იურიდიული პირის მიმართ, მათ შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.