ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

პარლამენტის წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს. 30 მაისს გამართულ კენჭისყრაზე რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 91 ხმით მიიღო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი [მინიმუმ ორ დეპუტატს], თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

დეკანოიძემ და გოცირიძემ კანონპროექტის ინიციირება მას შემდეგ მოახდინეს, რაც მათ ენმ-დან გასვლის შემდეგ ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ მისცეს, რადგან პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილ პოლიტიკოსებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუკი ისინი არა საარჩევნო ბლოკით, არამედ პარტიის რიგებიდან იყვნენ არჩეული. შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება შეძლეს „ხალხის ძალამ" და პარტიამ „საქართველოსთვის".

საკანონმდებლო ცვლილების საბოლოდ მიღების შემდეგ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე გეგმავენ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები".

ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მიესალმა დეპუტატების გასვლას „ნაციონალური მოძრაობიდან" და თქვა, რომ ამიტომ დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

„ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ გქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი, სიმართლე თქვათ თუ არა!“ - მიმართა გოცირიძეს ზარქუამ.

ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია," თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა 29 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ხელს უწყობს ენმ-დან დეპუტატების გასვლას.

„პოლიტიკური ჯგუფების შექმნას მოჰყვება გარკვეული სიკეთეები - სახელფასო ფონდი, სარეგლამენტო დრო და ა.შ. ეს კანონპროექტი ქმნის შესაძლებლობასა და ცდუნებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდნენ დეპუტატები და ამ გასვლის შემთხვევაში მათ ექნებათ პოლიტიკურ ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, რაც აქამდე არ ყოფილა“, - თქვა ბეჟაშვილმა.

ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება ექნებათ ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძესა და ნიკა მაჭუტაძესაც, რომლებსაც ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", დატოვება მოუწიათ.

დეკანოიძემაც და გოცირიძემაც სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემაც მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.