30 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროპული მომავალი.
შეხვედრისას პრეზიდენტმა მიშელმა ისაუბრა ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
პრეზიდენტ მიშელის განცხადებით, ევროპული საბჭოს კომისია საშემოდგომო „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, ხოლო ამის შემდეგ, 2023 წლის ბოლო კვარტალში, პრეზიდენტი მიშელი გეგმავს შეიტანოს სამომავლო ნაბიჯების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში.
სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა შეხვედრისას განიხილეს საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არსებული გამოწვევებიც. მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მეტი პროგრესი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერასა და პარტიათა შორის უთანხმოებების დაძლევაში და მიიღო უახლოეს მომავალში საქართველოში მიწვევის შეთავაზება.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გარდა, შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს სიტყვით მიმართავს.
ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავიდოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო, რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.
31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტის სიტყვა „ქართული ოცნების“ მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო. სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტის დაგეგმვისას მართლაც შეექმნა ხელოვნური ბარიერი, რათა მწვავე კრიტიკა ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არ გაემეორებინა.