ღარიბაშვილი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

ამის შესახებ მან განაცხადა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.

ჟურნალისტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.

ღარიბაშვილი: „მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ჟურნალისტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“

ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს".

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.