მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა კიევზე რუსეთის თავდასხმას

კიევზე საჰაერო შეტევა იყო 28 მაისსაც. დრონის დარტყმით დანგრეული სახლი

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა კიევზე რუსეთის წუხანდელი თავდასხმის შედეგად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20-ზე მეტი დრონი გაანადგურეს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის და მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი და ნგრევა გამოიწვია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორ სართულზე. ევაკუირებულია 20-ზე მეტი მობინადრე. კიევში დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სახლი.

კიევსა და კიევის ოლქში ღამის 2 საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში 3 საათს გაგრძელდა. მაისის დასაწყისიდან, უკრაინის დედაქალაქზე 17 მასირებული საჰაერო შეტევა განხორციელდა.