რუსეთმა კიევს ისევ დრონებით და რაკეტებით შეუტია

კიევზე საჰაერო შეტევა იყო 28 მაისსაც. დრონის დარტყმით დანგრეული სახლი

უკრაინაში დილის 5 საათამდე გაგრძელდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული განგაში. საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ კიევი იყო. ბოლო 48 საათში უკრაინის დედაქალაქზე უკვე მეორე, მაისის დასაწყისიდან კი, მე-15 საჰაერო იერიში განხორციელდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილის 6 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დედაქალაქს შეუტია უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევზე შეტევა მოიგერიეს და წინასწარი მონაცემებით, 40-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაანადგურეს.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დილის 6 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინის დამცველების პროფესიონალიზმის წყალობით, კიევში არავინ დაღუპულა და არ დანგრეულა სახლები და ინფრასტრუქტურა.

რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და სხვა ოლქებში.