თეთრმა სახლმა და კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს სახელმწიფო ვალის ზღვრის აწევასა და საბიუჯეტო საკითხებზე.
ამის შესახებ 27 მაისის საღამოს განაცხადეს როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ, ისე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.
კონგრესმა უნდა მოასწროს მიღწეული შეთანხმებების საკანონმდებლო გაფორმება მომავალ კვირაში. შეთანხმებები რომ არ ყოფილიყო მიღწეული, აშშ-ს დეფოლტი ემუქრებოდა, რაც ექსპერტების აზრით, შესაძლოა, მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე ასახულიყო.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი მანამდე გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ ფული ფედერალურ ხაზინაში შეიძლებოდა დამთავრებულიყო 5 ივნისისთვის. ბაიდენის თქმით, საუბარია კომპრომისზე, რომლის პირობებშიც "ყველა ვერ იღებს იმას, რაც სურს". ამასთან, პრეზიდენტმა აღიარა, რომ შეთანხმებები უზრუნველყოფენ "კატასტროფული დეფოლტის თავიდან აცილებას".
მაკკარტიმ მიღწეულ შეთანხმებას "დიდი გამარჯვება" უწოდა. რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, სახელმწიფო ვალის ზღვრის აწევის დამტკიცების სანაცვლოდ მოითხოვდნენ საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შემცირებას. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ საბიუჯეტო ხარჯების - რომლებიც თავდაცვასთან არ არის დაკავშირებული - გაყინვაზე მომავალ წელს წლევანდელი წლის დონემდე, ხოლო 2025 წელს მათი მხოლოდ 1%-ით გაზრდაზე.
მანამდე რესპუბლიკელები მოითხოვდნენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და რიგი სოციალური პროგრამების გადახედვას. Politico-ს ცნობით, ეს აღარ მოხდება. სავარაუდოდ, მემარჯვენე რესპუბლიკელების ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუმცა, ზომიერი დემოკრატები, თავის მხრივ, ამ კანონმდებლობას მიემხრობიან.
ამგვარად, წარმომადგენელთა პალატაში უზრუნველყოფილი იქნება ორპარტიული უმრავლესობა მისი მიღებისთვის. კენჭისყრა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 31 მაისს, ჩატარდება.