ნატო კოსოვოს სერბეთთან დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

კოსოვოს პოლიცია ზვეჩანის მუნიციპალურ შენობასთან. 27 მაისი, 2023 წელი

ნატომ 27 მაისს მოუწოდა კოსოვოს სერბეთთან დაძაბულობის განმუხტვისკენ მას მერე, რაც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ერთი დღის წინ ძალით შეიჭრა მუნიციპალურ შენობებში იმისთვის, რომ მერები დაენიშნა ეთნიკური სერბებით დასახლებულ რაიონებში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.

26 მაისს კოსოვოს მთავრობის ამ ნაბიჯს მოჰყვა შეტაკებები კოსოვოს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რომლებმაც ეთნიკურად ალბანელი მერების დანიშვნის მიმართ პროტესტი გამოხატეს.

სერბეთმა თავისი არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა და საზღვრის მახლობლად ქვედანაყოფები განათავსა.

"ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ კოსოვოს უწყებებს დაუყოვნებელი დეესკალაციისკენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ვითარება დიალოგის გზით მოაგვარონ", განაცხადა ოანა ლუნგესკომ, ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსის პრესმდივანმა Twitter-ით. მან თქვა, რომ KFOR-ი, ნატოს 3800-კაციანი სამშვიდობო მისია კოსოვოში, ინარჩუნებს სიფხიზლეს.

წინა დღით, 26 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნატოს ე.წ. ოთხეულმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ (Quint) დაგმო კოსოვოს ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება და ასევე გამოთქვა შეშფოთება სერბეთის გადაწყვეტილების გამო, „აამაღლოს თავისი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის დონე კოსოვოს საზღვარზე და მოუწოდა ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ...“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 მაისს განაცხადა, რომ კოსოვოს მთავრობამ მიიღო ზომები მუნიციპალურ შენობებში ძალით შეჭრის შესახებ აშშ-ის რჩევის საწინააღმდეგოდ.

კოსოვოს ომის (1998-1999 წწ.) დასრულებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ თავიანთ დედაქალაქად.

კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. კოსოვო აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა. ის არ უცნია ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი.