კოსოვოში შეტაკება მოხდა ადგილობრივ სერბებსა და პოლიციას შორის. ბელგრადმა გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა

პოლიციის სპეცტრანსპორტი ქალაქ ლეპოსავიჩის ქუჩაზე

კოსოვოს რესპუბლიკის ჩრდილოეთით, პარასკევს მოხდა შეტაკება პოლიციასა და ადგილობრივ სერბთა ჯგუფებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ დაებლოკათ ახლად არჩეული ადგილობრივი მოხელეების მუნიციპალურ შენობებში შესვლა.

Associated Press-ის ცნობით, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციას ეეყრდნობა, არეულობების დროს რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკებებზე რეაგირებისას, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, სახელმწიფო ტელეარხ „რტს“-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი განკარგულებით არმია „გაძლიერებულ მზადყოფნაშია“ მოყვანილი. ვუჩიჩმა ასევე თქვა, რომ ბრძანა სერბეთის ჯარების სასწრაფოდ გადაყვანა კოსოვოს საზღვარზე.


პოლიციამ, Associated Press-ის თანახმად, დაადასტურა, რომ მათ უნდა უპასუხონ ლეპოსავიჩის, ზვეკანისა და ზუბინ პოტოკის თემებში განვითარებულ მოვლენებს, რათა „დაეხმარონ არჩეულ მერებს მათი მოვალეობის შესრულებაში“.

კოსოვოს ხელისუფლებამ ესკალაცია სერბეთში არსებულ სტრუქტურებს დააბრალა.

კოსოვოს ჩრდილოეთით ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა 23 აპრილს, მას შემდეგ, რაც მერებმა დატოვეს „სერბეთის სიის“ - კოსოვოს სერბების უდიდესი პარტიის რიგები. ეს პარტია ეწინააღმდეგებოდა პრიშტინის გადაწყვეტილებას, რომელიც სერბული სანომრენიშნებიანი მანქანების ხელახალი რეგისტრაციის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობამ. აქტივობამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3.47 პროცენტი შეადგინა.

  • 2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალით არ აპირებენ.
  • ბოლო წლებში რეგულარულად წარმოიშობოდა კონფლიქტები კოსოვოსა და სერბეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ფონზე, რაც ქმნიდა პირდაპირი შეტაკებების რისკს, მაგრამ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლა, დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის ესკალაციის საშუალებას არ აძლევს.