26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის გამოსვლისას უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნიდან, რომელზეც დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში თქვა: "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის", - პრეზიდენტის სიტყვის ამ მომენტში გაისმა კაცის შეძახილი, რომლის შინაარსი ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის ვიდეოში გაურკვეველი რჩება, თუმცა აღიქმება სიტყვები "... ხარ შენ."

პრეზიდენტი განაგრძობს თავის სიტყვას: "გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ...", - ამის შემდეგ კი კიდევ ერთი ხმამაღალი შეძახილი ისმის: "9 აპრილს მე ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ!".

Your browser doesn’t support HTML5

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი ფრაზა, რაც პრეზიდენტის გამოსვლისას გაისმა, მას ეკუთვნის.

"მე ვთქვი, 9 აპრილს მე ვიბრძოდი-მეთქი [...] როცა გაბრალებენ, რუსეთის იმეებად გამოგვიყვანა, უნდა იცოდეს, ვის მიმართოს", - ამბობს ქადაგიშვილი და არ აზუსტებს, ორივე რეპლიკა მას ეკუთვნოდა თუ არა.

"არ ვიცი, ბევრის უკმაყოფილება იყო პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვისგან და აღარ ვიცი, ვინ რას ამბობდა".

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას თავისუფლების მოედანზე, მათ შორის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი: დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია

სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს."

პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ დროს, როცა ქართულმა საზოგადოებამ "მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება", ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და "დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია - არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია".

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.