აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მისალოც გზავნილში წერს, რომ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულისკვეთება განსაკუთრებით ცოცხალია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებში.
"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში", - წერია საელჩოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი - ბლინკენი26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.