სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. მათ მისალოც გზავნილებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნიევ რაუს წერილში.
ზბიგნიევ რაუს სიტყვებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, პოლონეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას. "წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე", – ნათქვამია წერილში.
დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად", - წერს ბოგდან აურესკუ.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ "ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევანის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას", - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკიც. თავის წერილში ის საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი "თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს".
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს აღინიშნა შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი და ამავე დროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყება.
საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის მისალოც წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წერილში ნათქვამია, რომ საბერძნეთი საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთგულია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში, საქართველოს წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი.
"საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ილია დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ მისალოც წერილში, ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.
"მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ხორვატია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალშიც განაგრძობს ამ მხარდაჭერას", - ნათქვამია წერილში.
"მჯერა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას", - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კონდოვის წერილში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში", - ნათქვამია წერილში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებით, მასში ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს გზავნის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
"სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ალეინიკიც.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მდგრადი სახელმწიფოსა და საერთაშორისო არენაზე აქტიური მოთამაშის იმიჯის ჩამოყალიბებაში", - ციტირებს საგარეო უწყება სერგეი ალეინიკს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს უგზავნიან ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამენ.
ასევე ნახეთ საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი - ბლინკენი26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.