"საქართველო ირჩევს ევროპას" - მოქალაქეები რუსთაველზე მსვლელობას აწყობენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მოქალაქეები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობას აწყობენ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა და საქართველოს პარლამენტის ფასადზე მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების ბანერები დაკიდა.

მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს დასავლური კურსი უალტერნატივოა.

აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის შეძახილები "საქართველო", "ევროპა". აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობები "ტალღა" და "ჯიუტები." მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის ძეგლიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

აქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.