მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები."
შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ერთად დგას "კოლექტიური დასავლეთის" წინააღმდეგ, რომელიც მათთან გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. ამავე დროს, შოიგუმ აღნიშნა, რომ ლაპარაკი არ არის ბირთვული იარაღის ბელარუსისთვის გადაცემაზე და მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების უფლება მოსკოვს რჩება.
ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, სამომავლოდ შესაძლოა, მიიღონ დამატებითი ზომები რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის.
პრეზიდენტმა პუტინმა 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის თხოვნით, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, საცავის მშენებლობა კი, 1 ივლისს დასრულდება.
ასევე ნახეთ პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებსმოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომის წინა დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და ბელარუსმა შექმნეს "უნიკალური პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში" ფორმულით: "ორი ქვეყანა - ერთი სახელმწიფო". "ბოდიშს ვიხდი და ორივეს ერთი ბირთვული იარაღიც კი აქვს“, - თქვა ტოყაევმა. მან ხაზი გაუსვა, რომ "ევრაზესის" ფარგლებში არის ინტეგრაციის კიდევ ერთი დონე, რომელსაც ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი წარმოადგენენ. "ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალობა. როგორ ვიმუშავებთ ამ პირობებში, კონცეპტუალური საკითხია. ვფიქრობ, ამ პრობლემის განხილვა გვჭირდება", - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყაზახეთმა ადრე არ აღიარა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია. ბელარუსს ასევე პირდაპირ არ უღიარებია უკრაინული მიწების ანექსია, თუმცა ალიაქსანდრ ლუკაშენკა შეხვდა რუსეთის მიერ დანიშნულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, დენის პუშილინს.