ფლორიდის გუბერნატორს შეერთებული შტატების პრეზიდენტობა სურს

ფოტო არქივიდან. რონ დესანტისი

ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად შეატყობინა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის განზრახვა. 44 წლის დესანტისი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლებს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, 76 წლის დონალდ ტრამპთან.

24 მაისს, Twitter-ის მფლობელ ილონ მასკთან პლატფორმა Twitter Spaces-ზე საუბრისას რონ დესანტისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭს იყრის, რათა სათავეში ჩაუდგეს ამერიკის დიდ დაბრუნებას და დასრულდეს „დამარცხების კულტურა“, რომელმაც ბოლო წლებია მოიცვა რესპუბლიკური პარტია.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამ პლატფორმაზე დესანტისის გამოსვლა ჩაფიქრებული იყო როგორც მისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება, რასაც ჩრდილი მიაყენა ტრანსლაციის ტექნიკურმა ხარვეზებმა. ამას ირონიული შენიშვნა მოჰყვა ტრამპისგან, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ მისი "წითელი ღილაკი უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერია და მუშაობს".

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

ტელეკომპანია NBC-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვით, რესპუბლიკელების მხარდამჭერთა უმრავლესობა ემხრობა პრეზიდენტობის კანდიდატად დონალდ ტრამპის წარდგენას. რონ დესანტისს მიანიჭა უპირატესობა გამოცემების, USA Today-ს და WSJ-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობამ.

როგორც Associated Press-ი წერს, დესანტისი ტრამპს ბევრი რამით ჰგავს, მათ შორის პოპულისტური პოლიტიკითა და რიტორიკით და ზოგიერთი მანერითაც კი.

რონ დესანტისი 2013-2018 წლებში იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2019 წლის იანვრიდან ფლორიდის შტატის გუბერნატორია.