რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას ბრალი დასდო შავ ზღვაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემ „ივან ხურსზე“ უპილოტო კატარღებით თავდასხმაში.
როგორც რუსეთის სამხედრო უწყების ცნობაშია ნათქვამი, 24 მაისს, დილით ადრე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გემზე სამი უპილოტო კატარღით მიიტანეს იერიში ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 140 კილომეტრში.
ცნობაში ნათქვამია, რომ ყველა ნავი ცეცხლით განადგურდა, რუსული გემი კი არ დაზიანებულა. თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა 10-წამიანი ვიდეო, რომელიც თითქოს კატარღების განადგურებას ასახავს.
განცხადების მიხედვით, „ივან ხურსი“ უზრუნველყოფს „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ მილსადენების ექსპლუატაციის უსაფრთხოებას.
ოთხშაბათს დილით არაერთმა რუსულმა ტელეგრამის არხმა დაწერა გემზე საზღვაო უპილოტო კატარღების თავდასხმის შესახებ. ამასთან, ზოგიერთი მათგანი იტყობინებოდა, რომ თავდასხმა თურქეთის სანაპიროსთან ბევრად უფრო ახლოს მოხდა, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა.
უკრაინას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„ივან ხურსი“ არის სადაზვერვო ხომალდი, რომელიც შექმნილია კავშირის უზრუნველყოფისა და ფლოტის კონტროლის, რადიოდაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოების, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპონენტების თვალყურის დევნებისთვის.