ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევშია იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებისთვის

ბრიტანეთის და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ბენ უოლესი და ოლექსი რეზნიკოვი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 24 მაისს, კიევში მოულოდნელი ვიზიტისას, შეხვედრა გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ოლექსი რეზნიკოვთან, აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

ვიზიტი ერთი დღით უსწრებს წინ ვირტუალურ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა (UDCG), რომელიც აერთიანებს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდამჭერ ათობით სახელმწიფოს.

"ვისაუბრეთ ჩვენი სამხედროების მიმდინარე წვრთნებზე ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ამ წვრთნათა მთავარ პრიორიტეტებზე და მნიშვნელობაზე. საშუალება მოგვეცა, ხელი ჩამოგვერთმია პილოტებისთვის, რომლებმაც ბრიტანეთში წვრთნა გაიარეს და უკვე წარმატებით იყენებენ Storm Shadow-ის იარაღს", - წერს რეზნიკოვი სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უოლესის განცხადებით, გრძელი რადიუსის Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც უკრაინას ბრიტანეთმა მიაწოდა, ამგვარი ტიპის იარაღს შორის პირველი იყო. "ასეთი იარაღი მივაწოდეთ იმიტომ, რომ რუსეთი კვლავაც იყენებს თავის გრძელი რადიუსის რაკეტებს და ამას აკეთებს სამოქალაქო პირებისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საზიანოდ", - აღნიშნავს უოლესი გავრცელებულ განცხადებაში.