გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 ანალოგიურ განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი - განხილვის პროცესშია, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე, თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექცნენ. აპრილის ბოლოსთვის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა 814 განაცხადზე. როგორც გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის 671 მოქალაქეს უთხრა, მათი განაცხადები ევროკავშირში მათი პირველი შესვლის ქვეყნებმა უნდა განიხილონ.
გასული წლის სექტემბერში - მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა - გერმანიის რამდენიმე მინისტრმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს მობილიზაციისგან გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი თავშესაფრის გამოყოფას. "დეზერტირები, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრებათ, შეძლებენ გერმანიაში საერთაშორისო დაცვის მოპოვებას", - განაცხადა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
პარალელურად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა - მაგალითად, ჩეხეთი, ესტონეთი და ლატვია - ამგვარი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმა არ წარმოადგენს ჰუმანიტარული ვიზის გაცემის საფუძველს.