უკრაინის ძალებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, განაცხადა 23 მაისს უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ.
„ბრძოლა გრძელდება. ჩვენი თავდაცვის ძალები წარმატებებს აღწევენ ფლანგებზე“, - დაწერა მან Telegram-ში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა ასევე დაწერა Telegram-ში, რომ ქალაქში ბრძოლები შემცირდა, მაგრამ გარეუბნებში კვლავაც გრძელდება. მალიარის თქმით, ბახმუტში უკრაინის წინსვლა „უმნიშვნელოა“, მაგრამ რუსეთი „დიდ დანაკარგებს“ განიცდის.
21 მაისს სირსკიმ აღიარა, რომ უკრაინის ძალები ბახმუტის მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებდნენ.
20 მაისს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ არტიომოვსკის აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი "მთლიანად გაათავისუფლეს". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს. 21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტის დაკარგვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს ინტენსიური შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42 კვადრატული კილომეტრია. ბახმუტი, სადაც ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია.