საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიზრდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და მათი არჩევის წესი. ბიურომ კანონპროექტი დღევანდელ, 22 მაისის, სხდომაზე დაარეგისტრირა.
კანონპროექტის მიხედვით:
- 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, მათგან ორ კანდიდატს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარადგენს. ამ დრომდე კანდიდატების დასახელების უფლება ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა მყოფ დეპუტატებს, სახალხო დამცველსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა 6 წლის ვადით - ამ დრომდე, თუ ახალი მეურვე წინა მეურვის უფლებამოსილების დროზე ადრე შეწყვეტის გამო აირჩეოდა, ის მუშაობას წინამორბედის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აგრძელებდა;
- სამეურვეო საბჭოს წევრს ამ თანამდებობაზე მუშაობა ერთზე მეტი ვადით შეეძლება;
- სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ 6 წლის ვადით, ნაცვლად 3 წლისა.
სხვა ცვლილებები:
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი უნდა დახარჯოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსებაში;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ექნება იმუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაშიც;
- 2026 წლიდან აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17 პროცენტი იქნება - ამ დრომდე კანონით გათვალისწინებულია 15 პროცენტის გადაცემა;
- მკაცრდება დირექტორობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები - კანდიდატს მინიმუმ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილებიდან მინიმუმ 5 წელი ხელმძღვანელად უნდა ჰქონდეს ნამუშევარი - კანონით 3 წელია გათვალისწინებული.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.