ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ ალი შამხანი გაათავისუფლა გავლენიანი ორგანოს, ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დანიშნა ალი აკბარ აჰმადიანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის მიმართაც ათწლეულზე მეტია, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს სანქციებია დაწესებული.
უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ ცნობა 22 მაისს გამოქვეყნდა ირანის პრეზიდენტის ვებსაიტზე.
ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის შეცვლის ფონია ცნობები იმის შესახებ, რომ 67 წლის შამხანის - რეფორმატორს, რომელიც უშიშროების საბჭოს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა - კავშირი ჰქონდა ყოფილ ოფიციალურ პირთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარისთან, რომელიც იანვარში სიკვდილით დასაჯეს დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.