კონფიდენციალურობის ევროპელმა რეგულატორებმა Meta 1,2 მლრდ ევროთი დააჯარიმეს

კონფიდენციალურობის ევროპელმა რეგულატორებმა კომპანია Meta სარეკორდო თანხით, 1,2 მილიარდი ევროთი (1,3 მლრდ დოლარი), დააჯარიმეს ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემების აშშ-ისთვის გადაცემისთვის.

ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია საქმესთან, რომელიც აღძრა კონფიდენციალურობისთვის მებრძოლმა ავსტრალიელმა მაქს შრემსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკისთვის ევროკავშირის მოქალაქეების მონაცემების გადაცემა არ იცავს ევროპელებს აშშ-ის მხრიდან თვალთვალისგან.

დავის საგანი გახდა აშშ-სა და ევროკავშირს შორის პერსონალური ინფორმაციის გაცვლის რამდენიმე მექანიზმი. უკანასკნელი ასეთი მექანიზმი, Privacy Shield-ი 2020 წელს უარყო მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ.

აშშ-მა და ევროკავშირმა შარშან „ძირითადად“ შეათანხმეს მონაცემთა გადაცემის ახალი სტრუქტურა. მაგრამ ახალი შეთანხმება ჯერ არ შესულა ძალაში.

მონაცემთა დაცვის ირლანდიურმა კომისიამ, რომელიც ევროკავშირში Meta-ს საქმიანობას ამოწმებს, განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია (GDPR), როცა განაგრძობდა ევროპის მოქალაქეთა პირადი მონაცემების აშშ-ში გაგზავნას.

1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა ყველაზე დიდი თანხაა, რომლითაც ოდესმე დაჯარიმებულა რომელიმე კომპანია GDPR-ის დარღვევისთვის. წინა მსხვილი ჯარიმა იყო 746 მილიონი ევრო, რომელიც 2021 წელს დაეკისრა საინტერნეტო კომერციის კომპანია Amazon-ს GDPR-ის დარღვევისთვის.