პაპუაშვილი: ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა არის სანქცია და ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ვერ დაუწესებს რუსეთს სანქციებს, რადგან ეს ქმნის ომისა და ეკონომიკური კრიზისის რისკებს. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველო ვერ იღებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიებს, "ვერავინ მოგვთხოვს ჩავაყენოთ ჩვენი ხალხი რისკის ქვეშ."

"ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, ეს არის სანქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების განჭვრეტაც შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოოდ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას...

ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ. ანუ ისინი, ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან და შესაბამისად - შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • 19 მაისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა - ფრენების აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გაიმართა როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე პარლამენტის შენობის წინაც.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
  • რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
  • 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.