შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის სამ მოქალაქეს. უწყების ინფორმაციითვე, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბრალდებულმა ისინი მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე - მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას(ტრეფიკინგი). დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.