ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. მან უკვე დატოვა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

"ყვარელში როგორც იქცეოდა პოლიცია, ამის შემდეგ მე წავედი კახეთში და პირდაპირ ჩემ თვალწინ ვნახე, როგორ გამოყარა პოლიციის უფროსმა ადვოკატი და აქტივისტები შენობიდან, რის გამოც მე მას ფიზიკურად დავუპირისპირდი.

მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლიცია, რომელიც ლავროვს იცავს, პოლიცია, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ასე თელავს უფლებებს, არ რცხვენიათ, რომ ლავროვი უნდა ცეკვავდეს ჩვენთან [გიგა] ოთხოზორიას გარდაცვალების დღეს, დიახ, ისინი მსგავს პასუხს მიიღებენ", - უთხრა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია "პირველს".

ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს, თელავში დააკავეს. ის თელავის სამხარეო პოლიციასთან მაშინ აიყვანეს, როცა ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისს კახეთში განვითარებული მოვლენების დროს სულ 19 პირი დააკავეს. ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში 18 მათგანი რჩება. ერთი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრია, 20 მაისსვე გაათავისუფლეს.

სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.