აქციის ორგანიზატორები მთავრობას ერთსაათიან ვადას აძლევენ, გააუქმოს ფრენები და გამოუშვას დაკავებულები

აქცია რუსთაველზე, 20 მაისი

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 22 საათამდე აძლევენ დროს, რომ მიიღოს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმებისა და 20 მაისს, კახეთში დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილეების გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გაკეთდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. რას გეგმავენ აქციის ორგანიზატორები იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ამის შესახებ განცხადებას ისინი ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ გააკეთებენ.

„ათ საათზე იძინებს ხოლმე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ერთ საათში გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს. საქართველოს ათასობით მოქალაქე ელოდება „ქართული ოცნებისგან“ განაცხადს, რომ ისინი გააუქმებენ ფრენებს. ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მეტი და შევქმნით კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს „ქართული ოცნებისთვის“. ერთ საათში გეტყვით, კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ დღეს ან ხვალ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ ჩაჩანიძე.

პარლამენტის წინ აქცია გზავნილით „არა რუსულ ფრენებს“ საღამოს რვა საათზე დაიწყო. აქცია მეორე დღეა გრძელდება.

დემონსტრანტები აპროტესტებენ როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილების შესაძლებლობა მისცა, ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებებს, რომელთა შედეგადაც 19 მაისიდან აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ასევე ნახეთ არა რუსულ ფრენებს! - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო