აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო მთავარი ძალა და ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი მოკავშირეთა არსენალიდან უკრაინისთვის ამერიკული F-16 გამანადგურებლების მიწოდებისა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა ასევე განაცხადეს, რომ ბლინკენმა მსგავსი როლი ითამაშა ზამთარშიც, როდესაც გერმანია ვერ ბედავდა კიევისთვის ტანკების გაგზავნას. The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ სწორედ სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა თეთრი სახლი, პენტაგონის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ დაეწყო ამერიკული Abrams-ის ტანკების კიევისთვის გადაცემა. შემდგომში ამან ევროპელ მოკავშირეებს საშუალება მისცა, შეერთებოდნენ ამ პროცესს.
გარდა ამისა, წყაროების თანახმად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემაზე თეთრი სახლის თანხმობა არის ნატოს მოკავშირეების, აშშ-ის კონგრესისა და პირადად უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ზეწოლის შედეგი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
თუმცა, The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს - უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი - დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები - უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.