სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ყვარელში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ხელი არ შეუშალონ მედიის საქმიანობას.
განცხადების თანახმად, თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიცია იყენებს არაპროპორციულ ძალას და მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ მოვლენათა დაუბრკოლებლად გაშუქების საშუალება.
ამავდროულად, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის დაკავების შემდგომ დაკავებულების ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა:
„პრობლემურია პროცესში ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება და პოლიტიკური კონფლიქტის ამ გზით გადაწყვეტა. ხელისუფლება აქამდე მრავალგზის ნაცად ადმინისტრაციულ მექანიზმებთან ერთად, კვლავ იყენებს მძიმე რეპრესიულ პოლიტიკას და პროტესტის გამოხატვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით, უხეშად ერევა გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებში“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავონ უკანონო ბრძანებების შესრულებისგან და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან; უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფალი და შეუფერხებელი საქმიანობა; დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეცეთ დაკავებულებთან კონსულტაციის შესაძლებლობა და დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდნენ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებით და მოახდინონ სათანადო რეაგირება.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროში „ყვარლის ტბა“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
20 მაისს, დილიდან, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათ შორისაა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.