შსს: „ყვარლის ტბასთან“ 16 პირია დაკავებული

სამართალდამცავები "ყვარლის ტბასთან"

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას აწვდის შსს-ს პრესსამსახური. მათი ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კომპლექსის ტერიტორიას რამდენიმე ასეული სამართალდამცავი იცავს, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი.

19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროში, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონდეს.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

ასევე ნახეთ იმყოფებიან თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვის შვილი და სიძე