კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ საპროტესტო აქცია იგეგმება. სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს სამართალდამცავები იცავენ.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული სამართალდამცავია მობილიზებული.
ამ წუთებში, საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტუმროსთან იკრიბებიან. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ადგილიდან, აქციაზე მისულები არიან ოპოზიტიური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები როგორც კახეთიდან ისე თბილისიდან.
სასტუმროსთან იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, რომელიც კომპლექსთან გამთენიისასაც იყო მისული. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, სასტუმროს ადმინისტრაციამ მათ, დაუდასტურა, რომ რუსი სტუმრები, მათ შორის, ლავროვის ქალიშვილიც, კომპლექსის ტერიტორიაზე არიან:
"დილით, ადრე, 5 საათისთვის, საზოგადოებამ ალბათ იხილა სოციალურ ქსელში კადრები, როდესაც სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ. ეს არის ვულგარული ცინიზმის დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ქვეყნისადმი პუტინისა და ლავროვის მხრიდან. ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ევროკავშირის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის მიერ. არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან სანქცირებულნი არიან და ჩამოვიდნენ ყვარელში, მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც, რომ ლავროვის მიერ. დღეს უნდა გაბედონ აქ და პუტინის სადღეგრძელო უნდა შესვან, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ეს ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არიან გადაჯაჭვულნი. ქვეყანას არ ჰყავს ქართული ხელისუფლება, ქვეყანას ჰყავს რუსული ხელისუფლება".
სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" 20 მაისს, გამთენიისას დააკავეს თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. როგორც მისი თანაპარტიელი, დიმიტრი ბიძინაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი:
"როგორც გვითხრეს, დაკავებული ადმინისტრაციული წესით, როგორც ხდება ხოლმე, თითქოს ვიღაცას არ დაემორჩილა. არანაირი მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა, საუბრის დროს, გარკვევის დროს, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს".
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპლექსში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა, ქმართან, ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფება, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.
ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ. 19 მაისს, სასტუმროს მენეჯერმა მაია პატარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად სასტუმროში რუსეთიდან არცერთი სტუმარი არ ჰყავთ.
„ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს. არც ქორწილია დაგეგმილი. იმაზე საუბარი, რომ ჩვენი სასტუმრო ორი დღე დაკეტილი იქნება, ეს ნორმალურია. ყოველ შაბათ-კვირას სრულად დაჯავშნილია, შესაბამისად, სხვა სტუმრებს ვერ ვიღებთ. მომდევნო შაბათ-კვირაც წინასწარ არის დაჯავშნილი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მაია პატარავამ.
ასევე ნახეთ იმყოფებიან თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვის შვილი და სიძე