სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ კომპლექსში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა იმყოფება.
სასტუმროს მენეჯერმა მაია პატარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად სასტუმროში რუსეთიდან არცერთი სტუმარი არ ჰყავთ.
„ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს. არც ქორწილია დაგეგმილი. იმაზე საუბარი, რომ ჩვენი სასტუმრო ორი დღე დაკეტილი იქნება, ეს ნორმალურია. ყოველ შაბათ-კვირას სრულად დაჯავშნილია, შესაბამისად, სხვა სტუმრებს ვერ ვიღებთ. მომდევნო შაბათ-კვირაც წინასწარ არის დაჯავშნილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაია პატარავამ.
მანამდე ტელეკომპანია „მთავარმა" და პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა მეუღლესთან, ალექსანდრ ვინოკუროვთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფება, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.
„მთავარის" ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა და გაეცნო, როგორც ყვავილების მაღაზიის წარმომადგენელი. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება: „მე ყვავილების მაღაზიის წარმომადგენელი ვარ და რაღაცის დაზუსტება მინდა. ჩვენთან, ეკატერინა ლავროვას სახელზე არის თაიგული შეკვეთილი. ყვავილები უკვე გამოვუშვით და გზაშია, თქვენ რომ მითხრათ, სტუმარმა მოასწრო ჩამოსვლა ადგილზე?“
სასტუმროს წარმომადგენელმა თავდაპირველად ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო ითხოვა, შემდეგ კი დაუდასტურა, რომ ყვავილების თაიგული სწორ მისამართზე გაგზავნეს.
მოგვიანებით, განცხადება გამოაქვეყნა „ყვარლის ტბის" ადმინისტრაციამ, რომელშიც უარყო სასტუმროში ეკატერინა ლავროვას სტუმრობა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს!“ - აცხადებს სასტუმროს ადმინისტრაცია.
საქმე ის არის, რომ ეკატერინა ლავროვა ქმრის გვარს, ვინოკუროვას ატარებს.
„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ნეფე-პატარძლის ხელმოწერის ცერემონია თბილისში შედგა, სუფრა კი კახეთშია გაშლილი. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიც.
„სტუმრების უმრავლესობა ვლადიკავკაზით ჩამოვიდა. ისინი გზადაგზა ვიდეოებს იღებდნენ და სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ, თუმცა ლავროვის შვილის ჩამოსვლის გზა უცნობია. დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული საქართველოს უსაფრთხოებასთან, შეუძლებელია, რომ შემოსულიყო“, - ამბობს ელენე ხოშტარია. მისივე ინფორმაციით, რუსი სტუმრები კახეთში კიდევ ერთ სასტუმროში, „ახაშნის ღვინის კურორტში“ არიან დაბინავებული. ეს სასტუმრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი და სპას“ ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ლავროვის ქალიშვილის ყოფნა ოფიციალურად ჯერ არცერთ უწყებას არ დაუდასტურებია.