ცხინვალში მოკლული 19 წლის სტუდენტი დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლის შვილია

ცხინვალი.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა. ისინი ცხინვალის 42 და 47 წლის მცხოვრებლები არიან. დე ფაქტო სამინისტრო მათ ვინაობას არ ასახელებს. სოციალურ ქსელებში ცხინვალის საზოგადოების ნაწილი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ხუთშაბათს ღამით, ოკუპირებულ ცხინვალში კიროვის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში 19 წლის ვიაჩესლავ ტიგიევის ცხედარი იპოვეს. გვამს ძალადობის კვალი ემჩნეოდა. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტიგიევს ხელებსა და ფეხებზე ბორკილები ედო. კრიმინალისტებმა კი მის სხეულზე წამების კვალი ნახეს.

მედიის ცნობით, 19 წლის ტიგიევი ცხინვალის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ამიტომ წუხელ ცხინვალში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებიც უნივერსიტეტში იყო დაგეგმილი, გადაიდო. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ მოკლული, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის შვილი იყო. მკვლელობის საღამოსვე, ცხინვალში გაჩნდა ვერსიები, რომ მკვლელებმა მამის საქმიანობის გამო შური შვილზე იძიეს. ამ ვერსიას სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც ღიად განიხილავდნენ, თუმცა მკვლელობის კონკრეტული მოტივი არ სახელდებოდა. ადგილობრივი შეშფოთებული საზოგადოება კი დამნაშავეების სასტიკად დასჯას მოითხოვს.

ამ საქმესთან დაკავშირებით დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი დაიბარეს. პარასკევს დე ფაქტო პარლამენტში მისულმა ე.წ. მინისტრის მოადგილემ ერისლავ მამიევმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სამი ეჭვმიტანილია დაკავებული. მან აღნიშნა, რომ ცხედარი სამ დღეზე მეტ ხანს იწვა სახლში, ვიდრე არ იპოვეს.

„ამ საქმეზე დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. მიმდინარეობს ექსპერტიზა, ამოღებულია უამრავი მასალა“, - განაცხადა მამიევმა. მანვე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სათვალთვალო კამერებიდან იღებენ ჩანაწერებს.