ირანში სიკვდილით დასაჯეს ანტისამთავრობო გამოსვლების კიდევ სამი მონაწილე

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების კიდევ სამი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით.

ადამიანის უფლებების დამცავებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პროცესის კანონის დარღვევით მიმდინარეობდა, ხოლო აღიარებითი ჩვენება ძალის გამოყენებით მოხდა.

სალეჰ მურჰაშემი, ვაჯიდ კაზემი და საიდ იაკუბი 19 მაისს, ისპაანის საპატიმროში დასაჯეს სიკვდილით. მათ ბრალად დაედოთ შარშან, 16 ნოემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა, როცა სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა მასობრივი პროტესტის ჩახშობის დროს.

სასამართლოს განაჩენში არ წერია არაფერი მკვლელობაზე, მოყვანილია მხოლოდ ფრაზა, „ღმერთის წინააღმდეგ ამბოხება“- რასაც ირანის ხელისუფლება პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს. ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს.

Iran Human Rights-ის დათვლით, წელს ირანში 200 სასიკვდილო განაჩენი აღესრულა, შარშან - 582. სხვათა შორის, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პირებს, რომლებიც ირანის მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდნენ გერმანიაში.

ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო შარშან სექტემბერში მას მერე, რაც პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი, ჩადრის არასწორად ტარების გამო და შემდეგ, ის დაკავების პერიოდში გარდაიცვალა.

ირანის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო დემონსტრაციები, რომლებმაც მასობრივი ხასიათი მიიღო. უფლებადამცველების თანახმად, 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 400 დემონსტრანტი და რამდენიმე ათეული ძალოვანი უწყებების თანამშრომელი. დაკავებულთა რიცხვი 18 ათასს უდრის.