თბილისში გაიხსნა რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრი. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას კორესპონდენტის თანახმად, კლინიკა თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
„ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია. აქამდე „ჩაიკა“ მხოლოდ მოსკოვში ფართოვდებოდა. პორტალ Vademecum-ის თანახმად, რუსეთის დედაქალაქში "ჩაიკას" 7 სამედიცინო ცენტრი აქვს.
კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს, კონსულტაციის მინიმალური საფასური 100 ლარია.
კლინიკის დირექტორი ქსენია იურკინასია. ის 2020 წლიდან მოსკოვში, "ჩაიკის" ნოვორიჟსკოეს გზატკეცილზე მდებარე კლინიკაში, თერაპევტად და მთავარი ექიმის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2022 წელს იგივე თანამდებობა დაიკავა თბილისში, „Silk Medical-ის" მულტიდისციპლინურ სამედიცინო ცენტრში.
„საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, სადაც მრავალი კულტურა იკვეთება. საქართველოში ევროპული კატეგორიებით აზროვნებენ, ეს შეეხება ჯანმრთელობასაც. მოთხოვნა ევროპელი, აზიელი და რუსი ექსპერტების მხრიდანაც არის“, - ამბობს იურკინასი.
„ჩაიკის“ ქსელის დამფუძნებელი საინვესტიციო ბანკის, КИТ Финанс-ის ყოფილი მფლობელი ალექსანდ ვინოკუროვია. 2022 წელს მან თავისი კუთვნილი (86,37%) წილი პოლინა იუმაშევას მიჰყიდა.
„ჩაიკის“ ახალი, ძირითადი მფლობელი პოლინა იუმაშევაა, ვალენტინ იუმაშევის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სიძე იყო.
იუმაშევა „Русал-ის" დამფუძნებლის, მილიარდერ ოლეგ დერიპასკას ყოფილი ცოლია, ისინი 2018 წელს დაშორდნენ.
2018 წლის აპრილში ოლეგ დერიპასკასა და მის მიერ კონტროლირებადი რიგი კომპანიების წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები დააწესა.
"რუსი ოლიგარქები და ელიტები, რომლებიც ამ [რუსული] კორუმპირებული სისტემით სარგებლობენ, მათი მთავრობების მადესტაბილიზებელი შედეგებისგან განცალკევებული აღარ იქნებიან”, - ნათქვამი იყო ხაზინის მდივნის განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, 2022 წლიდან დერიპასკას მიმართ სანქციები აქვთ დაწესებული ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და რიგ სხვა ქვეყნებს.
განახლება:22 მაისს „ჩაიკას“ თბილისის ფილიალმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა არ ეკუთვნის არც ელცინის და არც ლავროვის სიძეს. ის ეკუთვნის ნინო ვაჩეიშვილს. ინვესტორები არიან ლეილა ნაჯი, ქსენია იურკინასი და ალექსანდრე ვინოკუროვი. ამგვარად, კლინიკამ უარყო კავშირი პოლინა იუმაშევასთან, რომელმაც ადრე შეიძინა წილები რუსულ „ჩაიკაში“.
ამასთან „ჩაიკა“ განმარტავს, რომ ალექსანდ ვინოკუროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავრივის სიძე არ არის (ამის შესახებ მანამდე ქართული მედია იუწყებოდა) არამედ ბიზნესმენია,რომელც მუშაობდა „კიტ-ფინანს“ ბანკში და ინვერსტივია აქვს განხორციელებული ტელეარხ „დოჟდ“-ში.