მოსკოვი-თბილისის პირველი რეისით საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები მოფრინავენ

მერაბ ჭიქაშვილი და ვალერი კვარაცხელია

სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, მოსკოვი-თბილისის ავიარეისის პირველ ბორტზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით, 2019 წლის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი დღეს დილით გამოფრინდა

“ჩემი სახელით, ჩემი ორგანიზაციის სახელით და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ამ ბრძანების ხელმოწერისთვის. მან დაამტკიცა და დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ხალხის თხოვნა და კარგად ვიცით ამ ხელმოწერის მნიშვნელობა”, - უთხრა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერაბ ჭიქაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში გამოფრენამდე.

"რია ნოვოსტის" ტელეგრამარხის სკრინშოტი

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები 2022 წლის 7 დეკემბრიდან დაიწყო.

ასევე ნახეთ ფრენა მხოლოდ დასაწყისია? რა უნდა რუსეთს და რას ჰპირდებიან საქართველოს სახელით

"РИА Новости" ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქართულ დელეგაციად მოიხსენიებს. გამოცემის თანახმად, მოსკოვი-თბილისის პირველ რეისზე იმყოფებიან დიმიტრი ლორთქიფანიძე, "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი; მიხეილ ჟღენტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი; თემურ ფიფია, “ახალი სოციალისტური მოძრაობის” თავმჯდომარე; ვალერი კვარაცხელია, "საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის" ხელმძღვანელი; თემურ მაისურაძე, პროფესორი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
  • რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
  • 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "აზიმუტს" პირდაპირი ფრენების უფლება 15 მაისს მისცა.