საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაუკმაყოფილდება განაცხადი, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვიზიტისთვის შეიტანა მთავრობის ადმინისტრაციაში. ამით ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ნებართვა მთავრობისგან ჯერ ისევ არ მიუღია.
"ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთში. ამის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არასერიოზულია. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ, 18 მაისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეშინიათ პრეზიდენტის ვიზიტმა და მისმა განცხადებებმა ევროპარლამენტში არ დააზიანოს საქართველს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ სწრაფვა.
"თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტში, როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი", - აღნიშნა კობახიძემ.
17 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ვიზიტის შესახებ 27 აპრილს გაგზავნილ მიმართვაზე სალომე ზურაბიშვილს მთავრობის თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია.
"15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე წერილობითი თანხმობა გასცა და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მათ დაასახელეს თარიღები, როდესაც პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ბოლოს 13 წლის წინ მიმართა.