რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს 70-მდე ადამიანი მოჰყავს. რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" ბორტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე ელოდებიან.
თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც - საქართველოდან დაახლოებით 50 მგზავრი მიფრინავს.
ასევე ნახეთ მოსკოვი-თბილისის რეისი საქართველოში ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
- 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
- სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "აზიმუტს" პირდაპირი ფრენების უფლება 15 მაისს მისცა.