აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი, როგორც პუტინის რუსეთის ანგარებითი გეგმის ნაწილი, 18 მაისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც ახსენა.
„სულ მალე მეტი სასიხარულო ამბებით!“ - დაწერა რამდენიმე დღის წინ, ფეისბუკზე „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა, საქართველოში რუსეთის ინტერესების ლობირებით გამორჩეულმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. პრორუსული განწყობის ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ის, ბოლო დღეებში, მოსკოვში კიდევ ერთ ფორუმში მონაწილეობდა.
ქართველი "ინიციატორები"
„თქვენი დიდი დამსახურებით, ბატონო დიმა“, „ეს თქვენი და თქვენი მეგობრების დამსახურებაა. გეხაროთ მარად, ერის კაცო, ქვეყნის ჭირისუფლობისათვის“, „ეს ყველაფერი თქვენი გვერდში დგომით მოხდა“, „თქვენი წვლილი დიდია ამ საქმეში. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს დიდ ოჯახს“, - „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ უამრავი მადლობა მიიღო მას შემდეგ, რაც მხარდამჭერებს ფეისბუკით გაუზიარა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.
18 მაისს, გვიან საღამოს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ლორთქიფანიძემ თავადაც მადლობას გადაუხადა ყველას, „ვისაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი პირველი ხელშესახები შედეგის მიღწევაში!“. ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სხვებთან ერთად, 14 მაისს, მოსკოვში გამართულ მორიგ ფორუმში მონაწილეობდა.
ლორთქიფანიძე წერს, რომ მთელი ეს ჯგუფი, თბილისისკენ, პირველ განახლებულ რეისს, 19 მაისს, გამოჰყვება.
პრორუსული ჯგუფების ხშირ მოსკოვურ ვოიაჟებს ბევრი ზერელედ უყურებდა საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ლაპარაკი საქმედ იქცა, მიღებული შედეგით კი კმაყოფილი დარჩა „ქართული ოცნებაც“ - პუტინმა ქართველებს ვიზები გაუუქმა და ფრენის უფლებაც მისცა.
ხელისუფლებას თავად არასდროს დაუდასტურებია, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ მოსკოვში მოსიარულე პოლიტაქტივისტთა ჯგუფები, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების ჩათვლით, ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძეც.
„ცხადია, [საქართველოს] ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ეს ჯგუფები ასე ვერ გაიკვლევდნენ გზას... ხელისუფლებიდან თვითონ ვერ ჩადიან, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან და ამ ჯგუფებს აგზავნიან... აწყობდა ეს პროცესი - ხომ ვნახეთ, შედეგით როგორი გახარებული დარჩა ხელისუფლება [როცა ვიზების გაუქმება და პირდაპირი რეისების აღდგენა გამოცხადდა]... ეს ჯგუფი მოსკოვისთვის ფაქტიურად "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა“, - ამბობს კუხიანიძე.
პოლიტიკური მიმომხილველი და ბლოგერი, დიმიტრი მონიავა რადიო თავისუფლებასთან იხსენებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, სადაც ჩანს, რომ „კრემლს სჭირდებოდა გადაწყვეტილების გაფორმება იმგვარად, რომ [თითქოს] ინიციატივა ქართველებისგან მოდიოდა“ და მოსკოვში მოსიარულე ჯგუფებმა სწორედ „ინიციატორების“ როლი ითამაშეს. მონიავა ვარაუდობს, რომ თბილისი საქმის კურსში იყო, მაგრამ გარეგნულად ყველაფერი ისეა, რომ „შეუძლებელი იქნება დავუმტკიცოთ, რომ ეს [მოსკოვში შეხვედრები] იყო მისი [ხელისუფლების] სურვილის გამოხატვა თუ უბრალოდ ზონდირება“.
ასევე ნახეთ მომზადება წინმსწრებად - ვინ და როგორ მოემსახურება რუსულ თვითმფრინავებს თბილისში?
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სალაპარაკოდ, ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრეები, მოსკოვში, სხვადასხვა დროს, არაერთ ფორუმში მონაწილეობდნენ; სადაც სწორედ ვიზების გაუქმების, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხები და რუსულ-ქართული სამომავლო პერსპექტივები განიხილებოდა.
ამ შეხვედრებში რუსეთის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მათ შორის - რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთ-საქართველოს არაფორმალური დიალოგის ფორმატში [ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი] რუსეთს წარმოადგენს.
კიდევ რა არის მოსალოდნელი?
რამდენიმე დღის წინ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფეისბუკზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მომხრეებს, კონკრეტიკის გარეშე, სასიხარულო სიახლეებს „სულ მალე“ ჰპირდება. ამ პოსტის კომენტარებში მას მიუთითებენ, რომ „ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია იქნება: მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით“.
მოსკოვში გამგზავრებამდე, 10 მაისს, პრორუსული მოძრაობის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გადაცემაში „სოლიდარობის სტუდია“, ლორთქიფანიძემ თქვა, რომ ვიზებისა და პირდაპირი მიმოსვლის თემატიკა პირველი ნაბიჯია, რასაც უნდა მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები.
შემდეგი ნაბიჯების ჩამონათვალი დიმიტრი ლორთქიფანიძისგან ამგვარია:
- უნდა მოხდეს ბლოკირებული დერეფნების აღდგენა, რომლის ფარგლებშიც იგულისხმება სწორედ - აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაც;
- საქართველომ „უნდა მიიღოს მონაწილეობა“ „პოლიტიკური და ეკონომიკური რეინტეგრაციის პროცესებში“ და „უარს ვერ ვიტყვით“ „3+3 ფორმატზე“ რომელიც თბილისს „ახალ მინსკად“ აქცევს (ამ ფორმატისკენ საქართველოს აქტიურად ექაჩება რუსეთი. "3+3"-ში იგულისხმება 6 ქვეყანა - რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. საქართველოს ხელისუფლებას წარსულში უარი აქვს ნათქვამი ამ ფორმატში გაწევრიანებაზე);
- „ირანისა და რუსეთის ურთიერთობების გაძლიერება ჩვენზე გამოვლით“, რაც „ჩვენი ეკონომიკისთვის ხეირია“.
აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, როგორც რუსეთისთვის "სასიცოცხლოდ აუცილებელი" მიმართულება, 12 მაისს, ინტერვიუში ახსენა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა.
„უნდა მოხდეს სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება აბრეშუმის გზის მარშრუტზე: ჩინეთი, ირანის პორტი ბანდარაბასი, ირანი, ასტარა - აზერბაიჯანი, გაბალა - აზერბაიჯანი, მარნეული - საქართველო, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. სხვათა შორის, ეს საკითხი საშუალებას მოგვცემს, დაიდოს გაზისა და ნავთობის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტები, სტაბილურ და პროგნოზირებად ფასად“, - ამბობს კატირინი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ სარკინიგზო ტრანზიტი „განტვირთავს ზემო ლარსის სასაზღვრო გადასასვლელს, შეამცირებს ტვირთების ღირებულებასა და გაზრდის მათ მოცულობას“ და, რომ „ასეთი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ აუცილებელია“ „თურქეთის გავლით რუსული საქონლის გატანის კუთხით შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით“.
რუსეთი ირანის დახმარებასაც ცდილობს.
17 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანში რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთი მილიარდ სამასი მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს.
რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მარშრუტისა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურეში ირანის პორტებზე წვდომა მიიღოს ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთთან ვაჭრობისთვის; რაც პირდაპირ უკავშირდება კატირინის მიერ გახმაურებულ გეგმებს.
რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება?
„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის რკინიგზის პერსპექტივის შესახებ დასმულ შეკითხვას, 14 მაისს; ხოლო 16 მაისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში მან თქვა, რომ ფრენების განახლებასა და ვიზების გაუქმებას, სავარაუდოდ, სხვა საკითხებიც მოჰყვება, მაგრამ „სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან რთული და ხშირად შეუძლებელიც“, ხოლო თავად ხელისუფლება „ეროვნული პრიორიტეტების“ ფარგლებში იმოქმედებს.
აფხაზურმა ტელეგრამარხმა „АБХАЗИЯ-ЦЕНТР“-მა 18 მაისს დაწერა, რომ მალე აფხაზეთში რკინიგზის სატრანზიტო მონაკვეთი გაიხსნება, რაც იქნება „დიდი გეოპოლიტიკური პროექტი ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად“ და საქონელბრუნვის მასშტაბები მილიონიან ნიშნულზე ავა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის უარყოფას კი „АБХАЗИЯ-ЦЕНТР“-ი იმით ხსნის, რომ „მათ [ქართველი პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს] უყვართ თავიანთი მოქალაქეების უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დაყენება - რათა ბევრი არ იხმაურონ“.
რა არის მთავარი საფრთხეები?
„ეს იქნება სერიოზული დარტყმა საქართველოს ინტერესებზე და ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების გარეშე რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენა „აფხაზეთის სამუდამო დაკარგვას ნიშნავს“, რადგან ამ სქემით „ჩვენ დავეთანხმებით, რომ საბაჟო კონტროლმა გაიაროს ენგურზე და არა ფსოუზე“.
აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი მუდამ ხმაურიანი თემა იყო საქართველოში. როცა რუსეთი საქართველოს "3+3" ფორმატის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებდა, ექსპერტებისთვის ყოველ ჯერზე ცხადი იყო, რომ ეს შეთავაზება სწორედ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასაც მოიცავდა. ისინი რადიო თავისუფლებასთან აღნიშნავდნენ, რომ სატრანსპორტო დერეფნების გახსნა ნიშნავს „რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებასა“ და მათ შორის - „სამხედრო დიპლომატიის“ გავრცელებასაც.
ასევე ნახეთ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი - შეეხება თუ არა საქართველოს?ასევე ნახეთ დეგნანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: რისი გადახდა მოუწევს საქართველოს სანაცვლოდ?
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა, როგორც პუტინის დამაზიანებელი ჩანაფიქრი, 18 მაისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც ახსენა. მისი განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილებები ანგარებას ეფუძნება და საქართველოსთვის აქტუალურია შეკითხვა - რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთის მიერ გახსნილი გზების სანაცვლოდ.