უკრაინის არმია ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს - მალიარი

უკრაინის არმიის კონტრშეტევა ბახმუტში. 2023 წლის 14 მაისი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინის ჯარები ახლა ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ.

ამავე დროს, მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, მტერმა თავისი რეზერვების უმეტესობა ბახმუტისკენ გადმოისროლა და მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი დაჯგუფება.

„მტერი ბახმუტს დღეს მთელი დღე უტევდა. მათ შორის ბახმუტის ჩრდილოეთიდან, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ზოგიერთ რაიონში ჩვენმა ჯარებმა 500 მეტრით წაიწიეს წინ. დღის განმავლობაში ბახმუტის გარეუბანში, სამხრეთით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. მტერი შეტევაზე გადმოვიდა და სცადა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ განიცადა დანაკარგები და ვერ შეასრულა თავისი ამოცანები. ზოგიერთ რაიონში ჩვენმა ჯარებმა 1 კმ-ით წაიწიეს წინ", - დაწერა მალიარმა ტელეგრამის არხში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა 16 მაისს, საღამოს განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ბახმუტის შემოგარენში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით გაათავისუფლეს 20კმ² ტერიტორია. ამასთან, მალიარის ინფორმაციით, უშუალოდ ბახმუტში გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომლებიც ქალაქს არტილერიით მთლიანად ანადგურებენ.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.