შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გეგმავენ ნაბიჯებს იმ მზარდი შესაძლებლობის გათვალისწინებით, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გადავა "გაყინული კონფლიქტის" მდგომარეობაში და მრავალი წლის, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდეს. როგორც გამოცემა Politico ხუთშაბათს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეს იმის მსგავსი, რაც კორეის ნახევარკუნძულზეა.
კონფლიქტის გრძელვადიანი "გაყინვის" შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის არის ასევე საკითხი იმის თაობაზე, თუ სად გაივლის გამყოფი ხაზი, რომელსაც უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან, რომ არ გადაკვეთენ, მაგრამ, რომელიც არ იქნება ოფიციალური საზღვარი. გამოცემის თანახმად, მსგავსი ხასიათის წინასწარი განხილვები თეთრ სახლში და სხვადასხვა ამერიკულ სახელმწიფო უწყებაშიც მიმდინარეობს.
განსახილველი სცენარი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე რეალისტური, იმის გათვალისწინებით, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ ოდესმე აღიარონ დამარცხება. ხოლო აშშ-ის ადმინისტრაციაში იზრდება იმის განცდა, რომ, როგორც სტატიაშია ნათქვამი, მომავალი უკრაინული კონტრშეტევა ვერ მიაყენებს რუსეთს სასიკვდილო დარტყმას.
ბაიდენის ადმინისტრაციაში მიმდინარე განხილვების შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა ახლა სულ უფრო მეტად არის თეთრი სახლის ყურადღების ცენტრში მაშინ, როდესაც გასულ თვეებში ყველაფერი გადაუდებელ და მოკლევადიან ამოცანებთან იყო დაკავშირებული.
ასევე ნახეთ აშშ არ იძლევა F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადების უფლებას - NYT- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სჯერა უკრაინის არმიის წარმატებისა. "მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე... რათა არ მოხდეს სტაგნაცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტის გაყინვა", - მოჰყავს ზელენსკის სიტყვები სააგენტო „უნიანს“.
- ამავე დროს, უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ომის "გაყინვა" მხოლოდ რუსეთს მისცემს „დასვენების და უკრაინის მიწაზე უკვე განადგურებული არმიის მომზადების დროს“.